გიდის პროფესიული სტანდარტები
პროფესიონალი ტურისტული გიდის საქმიანობა მხოლოდ კონკრეტული ადგილის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებით არ შემოიფარგლება. სერტიფიცირებული გიდი წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთარ პროფესიას, არამედ იმ ადგილობრივ საზოგადოებებს, კულტურას და მემკვიდრეობასაც, რომელთაც ვიზიტორებს აცნობს.
როგორც ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFTGA) წევრი, სსგა მხარს უჭერს WFTGA-სა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UN Tourism) „ტურიზმის ეთიკის გლობალური კოდექსით“ განსაზღვრულ პროფესიულ და ეთიკურ პრინციპებს. ქვემოთ მოცემული პრინციპები წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს საქართველოს სერტიფიცირებული გიდებისთვის. ისინი აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტებსა და გიდების ყოველდღიური საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს და მიზნად ისახავს პროფესიული, პატივისცემაზე დაფუძნებული და პასუხისმგებლიანი გიდობის ხელშეწყობას.
1. პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა
- იმუშავეთ მხოლოდ იმ სფეროებსა და ენებზე, რომლებშიც სათანადო მომზადება და კვალიფიკაცია გაქვთ გავლილი
- მუდმივად განაახლეთ თქვენი პროფესიული ცოდნა და უნარები
- მიაწოდეთ ვიზიტორებს ზუსტი, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია
- ნათლად გამიჯნეთ ფაქტობრივი ინფორმაცია პირადი მოსაზრებებისგან, ინტერპრეტაციებისგან, ლეგენდებისა თუ ტრადიციებისგან
- დაიცავით მოქმედი კანონმდებლობა, რეგულაციები და პროფესიული სტანდარტები
- აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ პროფესიულ ქცევაზე და განაგრძეთ უნარების განვითარება
2. პატივისცემა და პროფესიული ურთიერთობები
- მოეპყარით პატივისცემითა და თავაზიანობით ვიზიტორებს, კოლეგა გიდებს, მძღოლებს, ტუროპერატორებს, მომსახურების სფეროს მუშაკებსა და ტურიზმის სფეროს სხვა პროფესიონალებს
- პატივი ეცით სხვა გიდებისა და ტურიზმის სფეროში ჩართული პროფესიონალების საქმიანობას, შეთანხმებებსა და პროფესიულ ვალდებულებებს
- მოერიდეთ დისკრიმინაციას, შევიწროებას ან შეუფერებელ ქცევას კოლეგებისა და ვიზიტორების მიმართ
- უთანხმოებისა და რთული სიტუაციების დროს იმოქმედეთ პროფესიულად
- ხელი შეუწყვეთ სამართლიან და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ სამუშაო ურთიერთობებს ტურიზმის სექტორში
3. სტუმრებთან ურთიერთობა და მრავალფეროვნების პატივისცემა
- ყველა ვიზიტორს ღირსეულად, პატივისცემითა და პროფესიონალიზმით მოეპყარით
- პატივი ეცით კულტურის, რელიგიის, ეროვნების, სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების, ცხოვრების წესისა და პირადი შეხედულებების მრავალფეროვნებას
- შესაძლებლობის შემთხვევაში, მოარგეთ კომუნიკაცია სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებსა და გარემოებებს
- შეინარჩუნეთ პროფესიონალიზმი, მაშინაც როდესაც ვიზიტორებს თქვენისგან განსხვავებული შეხედულებები, წეს-ჩვეულებები ან ცხოვრების წესი აქვთ
- შექმენით გარემო, სადაც ყველა ვიზიტორი თავს უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობს
- მგრძნობიარე ან საკამათო თემების განხილვისას, მიაწოდეთ ნეიტრალური და ფაქტობრივი ინფორმაცია
4. კულტურა, მემკვიდრეობა და ადგილობრივი საზოგადოება
- პატივი ეცით იმ საზოგადეობის კულტურას, ტრადიციებს, ისტორიას, რელიგიებსა და ღირებულებებს, რომლებთანაც მუშაობთ
- სიფრთხილითა და პატივისცემით მოეპყარით კულტურულ, ისტორიულ და რელიგიურ ძეგლებს
- პატივი ეცით ადგილობრივი მაცხოვრებლების პირად ცხოვრებას, ღირსებასა და ყოველდღიურ ჩვევებს
- დაეხმარეთ ვიზიტორებს ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების გაცნობასა და დაფასებაში
- სწორად და პასუხისმგებლობით წარმოაჩინეთ საქართველოს ისტორია, კულტურა და მემკვიდრეობა
- შეხედეთ გიდის როლს ისე, როგორც ვიზიტორებსა და მასპინძელ საზოგადოებებს შორის დამაკავშირებელ ხიდს
5. მდგრადი და ეთიკური ტურიზმი
- დაეხმარეთ საქართველოს ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას
- წაახალისეთ ვიზიტორთა მხრიდან პასუხისმგებლიანი ქცევა
- ტურების განმავლობაში მინიმუმამდე დაიყვანეთ არასაჭირო ნარჩენები და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება
- პატივი ეცით ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების წესსა და ინტერესებს
- შეძლებისამებრ მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ ბიზნესს, მომსახურებასა და თემებს
- დაეხმარეთ ვიზიტორებს, დააფასონ იმ ადგილების გარემოსდაცვითი, კულტურული და სოციალური თავისებურებები, რომლებსაც ისინი სტუმრობენ
6. უსაფრთხოება, ქცევა და პროფესიული იმიჯი
- ტურის განმავლობაში პრიორიტეტი მიანიჭეთ ვიზიტორების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას
- იყავით პუნქტუალური, მომზადებული და ყურადღება მიაქციეთ ჯგუფის საჭიროებებს
- დაიცავით შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნები და ნათლად აცნობეთ ვიზიტორებს პოტენციური რისკების შესახებ
- შეინარჩუნეთ სისუფთავე, მოწესრიგებულობა და პროფესიონალური გარეგნობა, რომელიც შეესაბამება ტურის ტიპს, ადგილმდებარეობას და პირობებს
- აირჩიეთ პრაქტიკული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც შეესაბამება ტურის აქტივობებსა და გარემოს
- სამუშაო დროს ტელეფონები და სხვა პირადი მოწყობილობები გამოიყენეთ აუცილებელ შემთხვევაში
- პასუხისმგებლობით წარმოადგინეთ გიდის პროფესია და ასოციაცია, როგორც პროფესიული ქცევით, ასევე პირადი გარეგნობით
საერთაშორისო წყაროები
ეს სტანდარტები ეფუძნება შემდეგ წყაროებს:
WFTGA-ს გიდის საქმიანობის კოდექსი (WFTGA Code of Guiding Practice)
ტურისტულ გიდთა ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია
გაეროს ტურიზმის გლობალური ეთიკის კოდექსი ტურიზმის სფეროში (UN Tourism Global Code of Ethics for Tourism)
გაეროს ტურიზმი
ეს გვერდი აჯამებს აღნიშნული საერთაშორისო ჩარჩოების პრინციპებს. იგი არ ანაცვლებს თავდაპირველ დოკუმენტებს.
